მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები “ქართული ოცნების” თავმჯდმომარეს, ირაკლი კობახიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებენ და სარჩელით სასამართლოს მიმართავენ. მათი თქმით, კობახიძეს მოუწევს დაამტკიცოს, რატომ უწოდა მოძრაობის ზოგიერთ წევრს და ელენე ხოშტარიას, რუსეთის აგენტი.
სამოქალქო აქტივისტების თქმით, ქართული სასამართლოს იმედი არ აქვთ, მაგრამ მას მაინც მიმართავენ.
“ირაკლი კობახიძესთან უკვე პოლემიკაში შესვლა საერთოდ არ ღირს. ყოველგავარი რაციონალურობის საზღვრებს სცდება. ახლა ახალი მოიგონა, რომ შოთა დიღმელაშვილი, მე და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტები ვართ. მასთან ლაპარაკს არ ვაპირებთ, აუცილებლად ვიჩივლებთ. რეალობასთან ახლოს მყოფი ფაქტიც კი არაა, რომ რამე მსგავსი ოდესმე ყოფილიყო. აუცილებლად ვუჩივლებთ კობახიძეს. მოუწევს სასამართლოში თავის მართლება და რაღაც მტკიცებულებების მოტანა, თუმცა მურუსიძის სასამართლოსგან რას უნდა ველოდოთ არ ვიცი”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.