“გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ ნამოხვანში დღეს ინტერნეტკავშირიც ჩაახშო” – არასამთავრობოები

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება: 

“ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამოხვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამოხვანში დღეს ინტერნეტკავშირიც ჩაახშო, რის გამოც პირდაპირი ჩართვის განხორციელება არ ხერხდება.“
ადგილობრივების ინფორმაციით, ინტერნეტის გავრცელების ამგვარი ხარვეზი ნამოხვანში სხვა პერიოდებში არ დაფიქსირებულა. ამჯერად “ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს.”

მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:
– გაკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ
– დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.
Მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს ნამოხვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ მაჩვენებელზე.” – ნათქვამია განცხადებაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share