ბატონ კენტსაც შევახსენებ მარტივ რამეს, ერთ-ერთმა რიგითმა ჩინოვნიკმა კი არა, სახელმწიფო მდივანმა – პომპეომ გაგვიკეთა განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით და სად არის ანაკლია? – ოპოზიციის პარლამენტში ყოფნამ არ უშველა, რომ ქვეყნისთვის საჭირო პროექტები მისულიყო ბოლომდე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ბობოხიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი არ არის აშშ-ის კონგრესი, სადაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთს უსმენენ. მისი თქმით, ოპოზიცია პარლამენტში შევა, ოღონდ შევა მას შემდეგ, რაც სადავო საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმდება.
ამასთან, ბობოხიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ „ენის მოჩლექით საუბარი“ სწორი არ არის, რადგან საქართველოში “ევროპული ინტერესები ნელ-ნელა დაიკარგება”. მაგალითად მას იანუკოვიჩი მოჰყავს და აცხადებს, რომ დასავლეთი მას მანამ უჭერდა მხარს, ვიდრე იანუკოვიჩმა ბოლომდე არ თქვა უარი ევროპულ გზაზე.
„დინამიკაში შევხედოთ საით მიდის პროცესი, აქამდე მხოლოდ ოპოზიციას გვაკისრებდნენ პასუხისმგებლობას და შედით პარლამენტშიო გვეუბნეოდნენ. ახლა ამბობენ, კრიზისია და “ქართული ოცნებაც” პასუხისმგებელია და ოპოზიციაც, ხელისუფლება უფრო მეტადო. ვისაც უნდა დავენიძლავები, მოვა დრო, როცა მხოლოდ „ქართული ოცნების“, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე დაიწყებენ ლაპარაკს.
ბატონ კენტსაც შევახსენებ მარტივ რამეს, ოპოზიცია იყო პარლამენტში, სახელმწიფო მდივანმა, ერთ-ერთმა რიგითმა ჩინოვნიკმა კი არა, სახელმწიფო მდივანმა – პომპეომ გაგვიკეთა განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით და სად არის ანაკლია? განხორციელების შანსიც კი დაკარგა მგონი, სანამ “ქართულ ოცნებასთან“ ენის მოჩლექით მიდის ლაპარაკი, ჩვენი უახლესი გამოცდილება გვაჩვენებს … ნატოს გენერალი გამოვიდა და გვითხრა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის რამდენად საჭიროა ანაკლია, პომპეო გამოვიდა და გვითხრა ეს, არ უშველა პარლამენტში ოპოზიციის ყოფნამ, რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები და პროექტები მისულიყო ბოლომდე. კეთილი განზრახვებიდან გამომდინარე, მაგრამ შეცდომები იყო უკრაინაშიც, იანუკოვიჩს მანამ უჭერდნენ მხარს, ვიდრე თეორიული შანსი არსებობდა აღმოსავლეთის გაფართოებაზე ხელის მოწერის, სანამ იანოკუვიჩმა პირდაპირ უარი არ თქვა ევროპულ ვექტორზე და რუსულ მიმართულებაზე არ გადაეშვა თავით, ბოლომდე ცდილობდნენ, იქნებ და რამე არ გაფუჭდეს, იქნებ და რამე გამოსწორდეს. არა – არ გამოსწორდება „ქართული ოცნებაც“. ანაკლიის პორტი არ აშენდება, დასავლური ინტერესები ნელ-ნელა, მაგრამ გაფუჭდება „ქართული ოცნების“ ხელში, ამას ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს და იმედი მაქვს, დავარწმუნებთ. ოპოზიცია იყო პარლამენტში, მაგრამ ვერ გავაგებინეთ, რომ ეს არ არის ამერიკის კონგრესი, სადაც “დემოკრატებს” უსმენენ “რესპუბლიკელები” და “რესპუბლიკელები” “დემოკრატებს”, ვიყავით პარლამენტში, ვეუბნებოდით არ გაზარდოთ გადასახადები საწვავზე, აქციზი თამბაქოზე. დღეს რა მივიღეთ? – კატასტროფულად გაზრდილი ფასები და კონტრაბანდა შუაგულ თბილისში, ვეუბნებოდით – გადასახადები დავწიოთ დაბლა, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, რა მივიღეთ დღეს? – დანგრეული ეკონომიკა“, – აცხადებს ბობოხიძე.