საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მისიის” დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად ერეოდა. მას თანამედროვე საქართველოში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:
“თევზი თავიდან ყარსო: რაც ზემოთ ხდება, იგივე მეორდება საზოგადოების ქვედა ფენებში. ჩვენს ხელისუფლებას თავი სათანადოდ ვერ უჭირავს, ყველა დემოკრატიაზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, ვინ ვისი ან რისი მსახურია, კაცმა არ იცის. ფაქტი ჯიუტია:
ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მოსახლეობა მშიერია, უმრავლესობამ “ქართული ოცნებისადმი” რწმენა დაკარგა…”
“ოცნებამ” მოსამართლეებიც ჯიბეში ჩაისვა და პროკურორებიც. შეცდომები კი დაუშვეს, მაგრამ ახლა გამოსწორდნენო… ასე თუ ვიმსჯელებთ, “ნაციონალებიც” ამტკიცებენ, რომ გამოსწორდნენ. უცნაურია, ჩვენი ხელისუფლება ცრუობს,
მაგრამ ძალაუფლებას მაინც ინარჩუნებს. ალბათ იმით, რომ უამრავი ადამიანი ფულით ჰყავს მოსყიდული, მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს. უამრავი ფული ჰქონდათ მუამარ კადაფის და სხვებსაც, მაგრამ ცხოვრება სავალალოდ დაასრულეს…”
“მე იმ ადამიანების რიგს ვეკუთვნი, ვისაც “ნაციონალებთან” ომში თავი გაწირული ჰქონდა, არსად ვმუშაობდი, 4 შვილის მამას ხელფასიც არ მქონდა, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ვთქვა: ხომ ფაქტია, რომ ვერც საგარეო და ვერც საშინაო ასპარეზზე საქართველომ წინ ვერ წაიწია და ერთ წერტილზეა გაყინული?! ეს რისი ბრალია, იცით?.. ივანიშვილი ნამდვილ პატრიოტებზე არ არის დაყრდნობილი. თავისი სიჯიუტით თუ ვინმე მოეწონება, მხოლოდ მას ენდობა და ვინც მოეწონა, ყველამ უმტყუნა, – ეს თავადაც აქვს ნათქვამი. გამოდის, რომ პოლიტიკოსთა შეცდომების გამო, ჩვენ ვიტანჯებით…”