“აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არასდროს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან და საქართველო არის აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მეგობარი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„რეალურად თუ ვინმე ამ ქვეყანაში აკეთებდა და აკეთებს რუსულ საქმეს, რაზეც მიუთითეს კიდევ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და რადიკალთა ის ჯგუფი, რომელიც მის გარშემოა შემოკრებილი. მათ ფეხქვეშ გათელეს ყველა დასავლური ღირებულება და ამით მოემსახურნენ რუსეთის ინტერესებს, როდესაც სისტემურად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, საკუთრების უფლებასა და ბიზნესის თავისუფლებას.
მათ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს რუსეთს ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს, რითაც გააძლიერეს საქართველოზე რუსეთის გავლენა. მან ასევე ხელი მოაწერეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისეთ საერთაშორისო დოკუმენტს, რითაც საქართველო პირდაპირ არის დადანაშაულებული, სადაც საქართველო პირდაპირ არის დადანაშაულებული ომის პროვოცირებაში, რაც არის პირდაპირ ჩემი აზრით, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი მათი მხრიდან. დღეს მათ ჰყოფნით კიდევ პოლიტიკური სინდისი და ჩვენს მიმართ ლაპარაკობენ იმას, რაც თვითონ გააკეთეს რეალურად წლების განმავლობაში.
ამიტომ, საზოგადოება არ უნდა შეცდეს ამაში. რასაკვირველია, საზოგადოება ხედავს და საზოგადოება მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვიყავით მაშინაც, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში და თანმიმდევრულები ვართ დღესაც, როდესაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის შესახებ. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ურყევი, მტკიცე და ის ორიენტირებულია საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ ოჯახში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.