ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაცია დღეიდან, 12 აპირილიდან შეეძლებათ. მსურველები პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ უნდა დარეგისტრირდნენ. პროცესი კი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.
ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;
- უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
- ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
- ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
- ნასამართლეობის არმქონე;
- ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
- არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
- არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
- კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
- კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.