რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაკისჯვარში, ბახვსა და ცრემლისხიდში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
,,საკმაოდ რთული სიანჟინრო სამუშაოებია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხის ინვესტირება გვაძლევს საშუალებას, რომ რამდენიმე სოფელს მივაწოდოთ ხარისხიანი მაღალი სტანდარტის წყალი. წლების განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში სიტუაცია განსხვავებული იყო, ზოგიერთ სოფელში არსებობდა ქსელი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად იყო ამორტიზებული, ზოგიერთ სოფელში კი საერთოდ არ არსებობდა. ასევე იყო დებიტის პრობლემები და სოფლებს წყალი 2-3 დღეში ერთხელ მიეწოდებოდათ. მიმდინარე პროექტის ნაწილი წელს ზაფხულში მთვარდება, რამდენიმე სოფელში პროექტი აგვისტოს თვეში იქნება დასრულებული და მოსახლოება მიიღებს წყალს. ხოლო, დანარჩენი ნაწილი პროექტირების სტადიაშია და ნაწილზე უკვე სამუშაოები დაიწყება‘’, -განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დღეს არსებული მდგომარეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს.
„მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით იღებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, შეიცვლება სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი მილი და სრულად განახლდება შიდა ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალშემკრებ ავზებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები“, -აღნიშნულია წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.