პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა დოკუმენტს ხელი ამ დრომდე იმიტომ არ მოაწერა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდა. “დღეს, ქართული ოცნება, საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაზეც არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში. დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ”, – თქვა თალაკვაძემ.