ნიკა მელია უკანონოდ არის დაკავებული, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულიად აბსურდია და ვიდრე ის თავისუფალი არ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეთანხმება არ იქნება. ეს არის ჩვენი პარტიის მკაფიო პოზიცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ
კობა ნაყოფიას თქმით, ნიკა მელიაუპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მარტივი და მკაფიოა. კარგად იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე მეორედ დააპატიმრა ნიკა მელია. როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე არის დაპატიმრებული, ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ შეუძლებელია, სანამ ნიკა მელია თავისუფალი არ იქნება. ნიკა მელია არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც ნიკა მელიათავისუფალი იქნება, რა თქმა უნდა, ის მოლაპარაკების პროცესებში ჩაერთვება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა და პოლიტიკურად დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში. ეს არის მარტივი და მკაფიო პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. ხელისუფლება ძალიან სერიოზული ზეწოლისა და წნეხის ქვეშ იმყოფება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ეს წნეხი კიდევ გაგრძელდება. ნიკა მელიას გარეშე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ რამე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად არის შეუძლებელი. ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი და იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ის განსაზღვრავს დანარჩენ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ეხება რიგგარეშე არჩევნებს, გიირგი რურუას გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხებს“, – აცხადებს ნაყოფია.