სენატორ რიშთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში ამხილა

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის აშშ-ის დედაქალაქში ვიზიტს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

CNews-ი წერდა იმ უხერხულობების შესახებ, რომელიც მის ვიზიტს ახლდა. ამჯერად, სააგენტოსთვის ცნობილი ხდება ირაკლი კობახიძისა და სენატორ ჯიმ რიშის შეხვედრის დეტალები, რა დროსაც მან ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში ამხილა.

CNews-ისთვის ასევე, ცნობილი ხდება, რომ ფორმალური მხარის შემდეგ, ჯიმ რიშმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში გაჭიანურებული კრიზისის შესახებ და აღნიშნა: ვაშინგტონს, როგორც სტატეგიულ პარტნიორს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და რეგიონალურ საფრთხეებს, შედეგად კი, არსებული ვითარებით, ქვეყნას რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე მოწყვლადს ხდის.

CNews-ისთვის ვაშინგტონიდან მოწოდებული ინფორმაციით, სენატორმა რიშმა დეტალურად განიხილა ქვეყანაში არსებული კრისზისი და აღნიშნა, რომ მის დასძლევად აუცილებელია ახალ არჩევნებამდე მისვლა.

„სენატორმა პირდაპირ თქვა, მმართველ პარტიაში („ქართული ოცნება“ – რედ.) მოხდა ცვლილებები – არ არიან ლიდერები, რომლებსაც ამომრჩევლება დაუჭირეს მხარი და თუნდაც პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა უნდა გაიზომოს. აქვე, სენატორმა განაცხადა, რომ პირადად და ვაშინგტონშიც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ, რომ პრემიერის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებდა“, – აღნიშნულია CNews-ისთვის ვაშინგტონიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობილი ხდება, რომ სენატორმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც, პრემიერი პარტიის თავმჯდომარე ხდება. მან ღიად განაცხადა, ღარიბაშვილის გაპრემიერება ვაშინგტონისთვის აღრმავებს ეჭვს, რომ საქართველოს პოლიტიკას კულუარებიდან კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რაც თუ რეალობას შეესაბამება, არ არის მისი მხრიდან  პატიოსანი თამაშის წესი პარტნიორებთან მიმართებაში.

CNews-ის ინფორმაციით, აღნიშნულის საპასუხოდ სენატორ რიშს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომ ის მზად იყო პრემიერობისთვის და საკითხიც თითქმის გადაწყვეტილი, რაც მოულოდნელად სწორედ ივანიშვილის ინიციატივიტა და სურვილით შეიცვალა.

დადასტურებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სენატორ რიშს განუცხადა:  პოლიტსაბჭოს სხდომა დაიგეგმა. გადაწყდა, რომ ჩემს კანდიდატურას პრემიერის პოსტზე კენჭისყრაზე დაასახელებდა ვიცე-სპიკერი, ბატონი ვოლსკი. პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში, გადაუდებელი მიზეზის დასახელებით, სხდომიდან გავიდა შს მინისტრი გომეალური, შემდეგ იგივე გააკეთეს პოლიტსაბჭოს წევრებმა – წულუკიანმა, სუბარმა, სამხარაძემ. ამ ვითარებაში შესვენება მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც დავეთანხმეთ. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ ვიცე-სპიკერმა ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ჩემი კანდიდატურის დასახელებას კენჭისყრაზე.  მსჯელობისას ჩემმა მოადგილემ, მაღლაფერიძემ პრემიერად პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის კანდიდატურის დასახელების ინიციატივა გააჟღერა, რაზეც თავად კალაძემ განაცხადა უარი. ამ ვითარებაში მაღლაფერიძეს დაუკავშირდა სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი და პრემიერად კენჭისყრაზე ღარიბაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

CNews-ის ინფორმაციით, სენატორი რიში დაინტერესდა, რა უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება სუს-ის უფროსი, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ის  ივანიშვილის წინადადებისა და ინიციატივის გამტარი იყო.

როგორც ირკვევა, ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, სენატორმა განაცხადა, რომ ეს არის სკანდალი, როდესაც პოლიტიკიდან წასული ადამიანი კვლავ უხეშად ერევა ქვეყნის მართვაში და თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, მმართველი პარტია უნდა მიუახლოვდეს ვადამდელ არჩევნებს.

შეგახსნებთ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში 16 აპრილს დასრულდა.

https://cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share