ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ადამიანურად და პოლიტიკურადაც გრიგოლ ვაშაძის გამო ვარ შეწუხებული, იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკოსი ის, ფაქტობრივად აღარ არსებობს,- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძისმიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე, „როგორც ადამიანი, სამწუხაროდ მოიქცა ისე, რომ მას არ შეუძლია ყოფილ თანაგუნდელებს თვალებში ჩახედოს, რადგან ბრძოლის ხაზზე მდგომი მისი კოლეგები არც კი მოიკითხა ყველაზე მძიმე პერიოდში“.
ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ტრაგიკულია, როდესაც პოლიტიკოსები ასე იქცევიან.
„გულწრფელად ვწუხვარ, მათ შორის ადამიანურად ბატონი გრიგოლის გამო. საზოგადოება ამას კარგად შეაფასებს – სამწუხაროა და ვფიქრობ, ტრაგიკულიც, იმ პარტიის თავმჯდომარე, რომლისაც თავად იყო, დღეს მძევლად არის აყვანილი. ეს კაცი ამ პარტიის თავმჯდომარე იყო. ნინა მელიას დაკავებისას, ამ ბრძოლების პროცესში მას ერთხელაც არ გასჩენია სურვილი სოლიდარული ყოფილიყო მისი თანადგუნდელის ან თანაგუნდელების მიმართ. მეტიც, ამომრჩევლისთვის, იმ ხალხისთვისაც კი ვინც წლების განმავლობაში, მისი საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს 24 – საათიან რეჟიმში ტერორისა და მუქარის რეჟიმში მუშაობდა, განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ, როგორც მორალურად, ისე პოლიტიკურად გულწრფელად ვწუხვარ ამ ადამიანის გამო, რომელმაც რამდენიმეთვიანი ე.წ. პაუზის შემდეგ დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა იმ პირობებში, როდესაც ნიკა მელია ჯერ კიდევ მძევლად არის აყვანილი.
ჩვენდა სამწუხაროდ, ტრაგიკულია, როდესაც პოლიტიკოსები ასე იქცევიან. როდესაც ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ, იღებენ მხარდაჭერას და შემდეგ უკვე უპასუხისმგებლოდ იქცევიან. მეტიც, ამ ადამიანებს აღარც კი ესაუბრებიან. ამასობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როგორც ჩანს, ბატონი გრიგოლისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა უპირობოდ პარლამენტში შესვლა. არადა, ამ თვეების განმავლობაში ბრძოლამ მინიმუმ ის მოიტანა, რომ მთელი მსოფლიო საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე, რაც რამდენიმე წელია საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებზე მიმდინარეობს“, – აცხადებს ხაბეიშვილი.