რა აკავშირებთ ფოთის ინდუსტრიული ზონის მფლობელებს ჩხარტიშვილთან და ივანიშვილთან – TI-ს კვლევა

ვინ არიან “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” მფლობელები და რა აკავშირებთ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან? – ამ შინაარსის კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყენბს, რომელიც საქართველოს პორტების გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

მათი თქმით, 2020 წლის მარტში ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო და ახალი ნავმისადგომის შენება დაიწყო, ხოლო ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორების მოძიება მთავრობას ჯერ არ დაუწყია.

2017 წლის იანვარში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია CEFC China Energy გახდა. ამავე წლის ნოემბერში მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი პატრიკ ჰო ნიუ იორკში დააპატიმრეს. მას ბრალად ჩინური კომპანიის სასარგებლოდ აფრიკის ქვეყნების თანამდებობის პირების მოქრთამვა წაუყენეს. CEFC-ს იარაღით ვაჭრობასა და ირანის სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებასაც ედავებიან. ძებნაშია კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი იუ ჟიანმინგი, რომელიც 2016 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

“მაშინ როდესაც CEFC უკვე იყო გახვეული საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი CEFC Energy Company Limited-ის საქართველოში წილების მმართველ კომპანიაში, შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.  2020 წელს მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფში“ 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა. 2021 წლის 22 თებერვლიდან ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ დაიკავა. „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფიდან“ ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით  410,704 ლარის შემოსავალი მიიღო”, – წერს TI.

TI წერს, რომ CEFC-ის საქართველოში შემოსვლის მოლაპარაკებებში ჩართული იყო ქართველი ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. საქართველოში CEFC Energy Company Limited-ს კომპანია შპს სი ი ეფ სი ევრო-აზიური წარმოადგენს, რომელიც 2016 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა საქართველოს სამეწარმეო რეესტრში და მისი 100%-იანი წილის მფლობელი CEFC-ია.

“2016 წლის ნოემბერში შპს სი ი ეფ სი ევრო-აზიურს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის გზით 9.8 მლნ ლარად გადაეცა 3,809 კვ.მ შენობა-ნაგებობა კომპანიის სათაო ოფისის, საოფისე ფართებისა და ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრის შესაქმნელად.

2020 წლის აპრილში შანხაის სასამართლომ CEFC-ი და მისი შვილობილი კომპანიები გაკოტრებულად გამოაცხადა. 2020 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“ კომპანია „სი ი ეფ სი ევრო-აზიურის“ აქტივების მმართველი გახდა.

ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის 50%-ს ჩაინა ინთერნეიშენალ გრუპ კორპორეიშენ ლიმითედ ფლობს, ხოლო 50%-ს 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნებული შპს „ევრაზიან ინვესტი“. „ევრაზიან ინვესტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ივანე ჩხარტიშვილია, ხოლო დირექტორი ივანე ჩხარტიშვილის ბიზნეს პარტნიორი რატი ღვამბერიაა”, – წერს ორგანიზაცია.

“ევრაზიან ინვესტის” 51%-ს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული “ბრაითსთოუნ ფაინანს ლიმითიდ” ფლობს, ხოლო 49%-ს – ასევე ბრიტანეთში რეგისტრირებული “ეკლიტონ ქომმერს კორპ-ი”. ორივე კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობითაა დაფუძნებული და მათზე კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი ვრცელდება.

“ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია, თუ ვინ არიან ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიების მფლობელები, მაგრამ საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, თავდაპირველად „ევრაზიან ინვესტის“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი იყო. აქედან გამომდინარე, ბრიტანული კომპანიები ივანე ჩხარტიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებული”, – წერს TI.

რაც შეეხება უშუალოდ ფოთის პორტს, 2020 წლის მარტში ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ – „APM ტერმინალსმა” პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვა კვლავ მიიღო და ახალი ნავმისადგომის შენება დაიწყო. პორტის გაფართოების პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს.

“Pace Group-ში შემავალი კომპანიაა შპს “პეის ჯორჯია”, რომლის მფლობელებმა და მათმა ბიზნეს პარტნიორებმა, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ, ირაკლი თათეიშვილმა, თამაზ კაპანაძემ, აპოლონ ბჟალავამ და  დავით ნადირაშვილმა 2017-2018 წლებში “ქართულ ოცნებას” და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს ჯამში 620 ათასი ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონიმ და ირაკლი თათეიშვილმა “ქართულ ოცნებას“ 200 ათასი ლარი შესწირეს”, – წერს TI.

ორგანიზაცია შედარებისთვის წერს, რომ ანაკლიის პორტის ჯამური ინვესტიცია 2.5 მლრდ დოლარამდე იქნებოდა, იგი მიიღებდა 16 მეტრი სიღრმის გემებს, ხოლო პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მლნ ტონას მიაღწევდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share