სესიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს, პროვოკაციას წამოეგნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპონენტების პროვოკაციას წამოეგნენ.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე პირები პასუხს აგებენ.

“სამწუხაროდ, გუშინ, ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და ამ პროვოკაციას წამოეგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ არაერთხელ მოვუწოდეთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ აქვს ყველაფერს საზღვარი. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ცხადია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველას პასუხი მოეთხოვება. განსაკუთრებით ვსაუბრობ ინციდენტზე, რომელიც მართლაც შემზარავი იყო იმ ნაწილში, რომ ადამიანი უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს. ყველა ფაქტი არის შემზარავი და მიუღებელი”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობა არა მმართველი გუნდის, არამედ ოპოზიციის ინტერესებშია.

“ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და ხელისუფლების ინტერესში. ჩვენი ინტერესია მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად, მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება, ხოლო ჩვენს ოპონენტებს, ფაქტიც მეტყველებს და მათი მოწოდებებიც, რომ არ აწყობთ ასეთი გარემო. მშვიდობიან გარემოში მათ არ აქვთ შანსი, რომ რაიმე პოლიტიკურ შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ ხალხი დაძაბონ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი ცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *