საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.

აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მონასტერში ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი გუშინ კვლავ არ შეუშვეს.

წირვის ჩასატარებლად მისულ მიტროპოლიტ სტეფანეს მონასტრის კარი დაკეტილი დახვდა. მეუფეს მოთხოვნას, რომ გაეხსნათ კარი და მიეცათ საშუალება ჩაეტარებინა წირვა მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირების მხრიდან აგრესია და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

– ისე დადექი კაცო რო გელაპარაკები, არა ხარ ღირსი, მე აქ დავდგები, არ გაგიღებ, თქვენ არ ხართ ღირსი იქ შესვლის. ხარ უკანონო, ხარ მატყუარა. ხარ აღსარების გამცემი და ხარ ცილისმწამებელი.

– ნუ იდორბლები ცოტა დისტანცია დაიკავე.

– აბა, შენ ნუ ყარხარ, დაიბანე.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი დანიელი მიტროპოლიტმა სტეფანემ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share