კომპანია Tesla-ს 2021 წლის პირველი კვარტლის $10.3-მილიარდიანმა შემოსავალმა და $438-მილიონიანმა მოგებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 74%-იანმა ზრდამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს.
ექსპერტების თქმით, Tesla იმ უიშვიათეს ავტომწარმოებელთა შორისაა, რომელმაც გლობალურ კომპიუტერული ჩიპების დეფიციტს თავი ეფექტურად გაართვა და წარმოების პროცესის შეფერხებების გარეშე გაგრძელება მოახერხა.
გარდა მოგების რეკორდული ზრდისა, პირველი კვარტლის მონაცემები განსაკუთრებული ყურადღების ღირსი კომპანიის ანგარიშზე არსებული ციფრული აქტივების განკარგვის გამოც გახდა.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ მის საინვესტიციო პორტფელში არსებული ბიტკოინის 10% გაყიდა და ამით თითქმის 272 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა.
იანვარში კრიპტოვალუტის შეძენის სავარაუდო ფასი, დაახლოებით, 34 000 დოლარი იყო. მარტში კი მისმა ფასმა 64 000 დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, Tesla-ს ინვესტიცია 50%-ითაა გაზრდილი ანუ მისი პოტენციური მოგება თითქმის 750 მილიონ დოლარს აღწევს.
შედარებისთვის, 2020 წელი Tesla-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო, როდესაც კომპანიამ ელექტრომობილების გაყიდვით 721 მილიონი დოლარის მოგება მიიღო.
მაღალი ალბათობით, Tesla-მ ბიტკოინის შეძენით სამ თვეში უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით.
ილონ მასკის განმარტებით, ბიტკოინის 10%-ის გაყიდვის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ კრიპტოვალუტა ლიკვიდურია და ის საბალანსო ანგარიშგებაში ნაღდი ანგარიშსწორების ალტერნატივას წარმოადგენს. გარდა ამისა, მასკმა დაადასტურა, რომ ბიტკოინს თავადაც ფლობს.
Tesla-ს მთავარი ფინანსური ოფიცრის, ზაკ კირკჰორნის თქმით, კომპანია განაგრძობს კრიპტოვალუტის შესყიდვისა და შენახვის პროცესს.