ტიკარაძე: ვაქცინაციის ოფიცერი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეს რეგისტრაციაში დაეხმარება

ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ  თქვა, რომ ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე წინასწარი რეგისტაციის პროცესში არსებულ გამოწვევების გასამკლავებლად, უწყება ვაქცინაციის ოფიცრებს გადაამზადებს. ისინი რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენენ და პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.

“დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას, რადგან გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, რათა მათ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეძლონ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. პროექტში ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“. – ამბობს მინისტრი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

Pfizer-BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო. ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება, რეგისტრაციის გავლა კი დღეიდან, 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. სინოფარმით ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share