ფოტიგა: მივესალმები რურუას გათავისუფლებას, ველი მელიას გამოშვებას

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ქართულად მიესალმება მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუას საპატიმროდან განთავისუფლებას და ელოდება  ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას

“გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას”. – წერს ევროპარლამენტარი

სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილს საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თუ პარტიები ევროკავშირის მედიატორობით შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ და პარლამენტიში შევიდოდნენ, ის გიორგი რურუას შეიწყალებდა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არცერთხელ არ შეუცვალა გირაოთი.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, განაჩენს გამოეხმაურნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები. სენატორმა რიშმა დაწერა, რომ რჩება “ძალზედ შეშფოთებული” და, მისივე სიტყვებით, რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. განაჩენს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. კუბილიუსმა დაწერა, რომ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოეყენებინა უფლებამოსილება, როგორც სხვა შემთხვევებში.

თუმცა, დასავლელი პარტნიორებისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, მაშინ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუაზე თქვა – “ამ პიროვნებას არ შევიწყალებ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share