“მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს.

როგორც ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.7 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია.

ამასთან, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 38%-ი ინდოეთზე მოდის.

კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი -2 172 063 შემთხვევა – ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 52%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები 406 001 ახალი შემთხვევით, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 15%-ით ნაკლებია, მესამე ადგილზე ბრაზილიაა 404 623 ახალი შემთხვევით, თუმცა წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 12 %-ითაა შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი თურქეთი ( 378 771 ახალი შემთხვევა) და საფრანგეთია (378 771 ახალი შემთხვევა).

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მატულობს. გასული კვირის განმავლობაში ვირუსს 87 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 5%-ით მეტია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: