ერთხელ შეგინებაზე 1000 ლარი, მეორეზე 2000-“არ დაიგინო და ვსო”

ერთხელ შეგინებაზე 1000 ლარი, მეორეზე 2000-ინჯია გინებაზე ჯარიმას ითხოვს ევროპელი სოციალისტების დეპუტატი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ წვრილმანი ხულიგნობის, მათ შორის გინების მესამე შემთხვევაზე პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ინჯიამ ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე თქვა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. დეპუტატის აზრით, ამ “ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა და დედის გინება ჩვეულებრივი სალაპარაკო ენა გახდა”. “ეს ყველაზე მოქმედებს, ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კიდევაც და არავითარი პატიება არ უნდა იყოს. აქ [კანონის პროექტში] წერია, ერთხელ 1 000 ლარამდე, მეორედ 2 000 ლარამდე, მესამედ თუ გააკეთა, მეოთხეჯერ თუ გააკეთა, როგორ იქნება, კვლავ 2 000-2 000 ლარი? ჯერ ერთი, ლარი როგორ მიდის, კარგად ხედავთ, ხომ არ ჯობია, ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასის რაღაცა ნაწილზე ან სხვანაირად, სხვა განზომილება იყოს და არა ლარებში, 2 000 ან 1 000 ლარი, ერთ წელიწადში ხომ ხედავთ, როგორ გაუფასურდა ეს ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას. სამართალდამრღვევები რაც იყო ამ პერიოდში, ხომ ხედავდით, მიდიოდნენ იქ, გადაიხდიდნენ ფულს და პოლიციელი რომ ბრუნდებოდა თავის ადგილას, იმაზე ადრე ბრუნდებოდნენ ისინი. დიფერენციაცია უნდა იყოს, თუ მესამედ და მეოთხედ მოხდა, იქ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და იყოს 6 თვე, 1 წელი იყოს [პატიმრობა]. არ დაიგინო, არ იხულიგნო, არ გააფუჭო და ვსო, დამთავრდა ამით”. – თქვა ინჯიამ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share