ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგანი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
“შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არცერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ.
ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.
თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.
ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის”, -აცხადებს ელჩი დეგნანი.