აქტივისტებმა გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით 20 ათასი ხელმოწერა პრეზიდენტს გადასცეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული 20 ათასი ხელმოწერა
გადასცეს.

“ჩვენ ყველამ ვიცით, რატო ზის გიორგი რურუა ციხეში, რადგან ის არის “მთავარი არხის” დამფუძნებელი და ის პოლიტიკური დევნა, რაც განხორციელდა გიორგი რურუაზე ნათელია ყველასთვის, არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არამედ სრულიად საქართველოს საქართველოსთვის” – ამბობს ანა ჭარხალაშვილი, “ანტიოკუპაციური მოძრაობის” დამფუძნებელი. 

შეგახსენებთ, გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.

რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: