ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტში საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დახლეჩვის და დაყოფის მოტივია ჩადებული. მათი შემოთავაზებით ამნისტია უნდა გავრცელდეს ოპოზიციურ წარმომადგენლებზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არ უნდა ეხებოდეს პოლიციელებს, როგორც დაზარალებულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებითა აღნიშნა, საზოგადოება მელიას კეკლუცობით დაიღალა და ამნისტიის პროექტი, რომელიც პარლამენტში დამტკიცდება, ნებისმიერი ადამიანისთვის პოლიტიკურ სპეკულაციებისგან თავის დაღწევის საშუალება იქნება.
,,ამნისტიის პროექტი ვერ გახდება ინტერპრეტაციების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმების დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი ამნისტიის მოტივაციაც და ის ფაქტორებიც, რასაც უნდა დაეყრდნოს. ამნისტია უნდა დაემყაროს იმას, რომ საზოგადოებაში და პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდეს პოლარიზაცია და 20 ივნისის ფაქტთან გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები. მეორეს მხრივ, შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ ამნისტია უნდა ეხებოდეს ყველა დანაშაულს და ბრალდებულს, რომელიც 19-20 ივნისის დღეებში მონაწილეობდა. ჩვენ მიერ წარდგენილი ამნისტიის პროექტი სრულად ითვალისწინებს ამ პრინციპებს და არასწორად არის სპეკულაცია გაკეთებული თანხმობის აუცილებლობაზე. ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტში საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დახლეჩვის და დაყოფის მოტივია ჩადებული. ამნისტია მათი შემოთავაზებით უნდა გავრცელდეს ოპოზიციურ წარმომადგენლებზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არ უნდა ეხებოდეს პოლიციელებს, როგორც დაზარალებულებს. ამიტომ, სრულად არ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და მზად ვართ, რომ დისკუსიაში შევიდეთ.
ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს რა თქმა უნდა სურთ, რომ მისი აქტუალურობა მუდმივად იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ, ის ყოველდღიურ რეჟიმში ახალ-ახალ ვერსიებს იგონებს ამნისტიასთან, გირაოსთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობ, საზოგადოებაც დაიღალა მისი კეკლუცობით და საბოლოო ჯამში, ამნისტიის პროექტი, რომელიც გავა პარლამენტში იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებლობა, რომ ერთხელ და საბოლოოდ დააღწიოს თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.