ტყეში მოკრეფილი კენკრის ნებართვის გარეშე გაყიდვა აიკრძალა

მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, ტყითსარგებლობის ისეთი სახეების, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება აიკრძალა.

„მაგალითად პირადი მოხმარებისთვის კენკრის, მაყვალის მოპოვებას არავინ კრძალავს, მაგრამ თუ ამ რესურსების მოპოვება პირობითად კოოპერატივების მხრიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით ხდება, ამას დასჭირდება შესაბამისი ნებართვა“ – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი.

ცნობისთვის, ტყითსარგებლობის ახალი წესის მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომელიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება.

ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლებათ, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და განთავსებას საქმიან ეზოებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: