უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა.
ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან
მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში და დიდ ქალაქებში არ ჩქეფს სიცოცხლე. მინდა მიხვდნენ, რომ სოფელშიც შესაძლებელია ნაყოფიერად გამოიყენო ეს პერიოდი. ძალიან სწრაფად გადის დრო და ფუჭად არ უნდა დავკარგოთ.
ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი აშენდა 1985 წელს, თავად მწერლის მიერ. ოტია 2011 წელს გარდაიცვალა და სახლი იმავე წელს გადაკეთდა სახლ-მუზეუმად. სახლ-მუზეუმში ყველაფერი ისე არის მოწყობილი, როგორც მწერლის სიცოცხლეში იყო. რადგან მუზეუმი არ არის სახელმწიფო უზრუნველყოფის ქვეშ, 2014 წელს შეიქმნა “ოტიას ეზო”, რომელიც ემსახურება მუზეუმის ფინანსურ დამოუკიდებლობას და სრულფასოვნად ფუნქციონირებას, სადაც მნიშვნელოვანია მწერლის იდეების განხორციელება სოფლის მეურნეობაში. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ოტია იოსელიანი სოფლის მეურნეობის შესანიშნავი მცოდნე და მოამაგე იყო. ჩვენც ამ გზას მივყვებით. აქ არის მარანი, ჩვენი ხელით შექმნილი, და ამ ეტაპზე მარნის ტერიტორიას ვაკეთებთ, ჩენი ხელით მოვაწყეთ და გარკვეულ დეტალებს კიდევ ვამატებთ. საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ გავალამაზოთ აქაურობა-უყვება უმცროსი ოტიას მეუღლე shin.ge-ს.