ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, იული ედელშტეინის თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზრდება, 15 ივნისიდან მოქალაქეებს შენობაში პირბადეების მოხსნის ნებას მისცემენ.
”განხილვების შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ, როგორც ყოველთვის ვამბობთ, სიფრთხილით, თუ არ მოხდება მაჩვენებლების და ინფიცირების სურათის გაუარესება, 15 ივნისიდან პირბადეების ტარების ვალდებულებას მოვხსნით”, – განაცხადა მინისტრმა სამედიცინო მუშაკებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მანამდე პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა.
ისრაელში 1 ივნისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც დარჩა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა.
ამასთან, მოქალაქეებს მთელი რიგი საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და დაწესებულებებში სტუმრობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების, ე.წ. “მწვანე პასპორტების” წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.
განათლების სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სავალდებულოა პირბადის ტარება საკლასო ოთახებში, ლექციების დარბაზებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერ სხვა დახურულ საჯარო შენობაში, აგრეთვე სტუდენტთა ტრანსპორტირებისას საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში.
ამასთან, ისრაელის ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის ნაწილობრივი შეზღუდვები ისევ მოქმედებს.
შეგახსენებთ, ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.
ისრაელმა მოქალაქეები “ფაიზერის” ვაქცინით აცრა.
წყარო – https://www.alia.ge/