ჩუგოშვილი: ეს იყო ოცნების ხელისუფლებაში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ქართული ოცნების მიერ ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.

“არჩევნებზე რაც შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ პირველ რიგში არის ის, რომ ეს იყო ოცნების მიერ ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები, ოცნების ხელისუფლებაში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები. რეალურად, ძალიან ცუდი რაღაცეები ჩანს, ვხედავთ ჩცენ ფაქტებს ოქმებში, ვხედავთ კონკრეტულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს განმეორებით ჩაყრები და ა.შ. არჩევნები ჩატარდა საკმაოდ ცუდად და ამაზე პასუხისმგებელი არის ცესკო”. – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

ის ასევე ამბობს, რომ ცესკო დღეს სრულიად ნდობადაკარგულია და ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში ჰყავს შეყვანილი.

“ყოველთვის ყველა პარტია ეცდება, რომ მით უმეტეს, ძალაუფლებაში მყოფი ასეთი გავლენის პარტია ეცდება, რომ საარჩევნო კომისია გადახაროს თავისი ინტერესებისკენ. კომისია არსებობს იმისთვის და ამხელა საბიუჯეტო დაფინანსება იღებს იმისთვის, ამხელა ხელფასებს იღებენ იმისთვის, რომ ამ ზეწოლას, თხოვნას და სურვილებს წინ აღუდგნენ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეებს და სწორად დაითვალონ თითოეულ ჩვენგანის ხმა. ეს ჩანს უკვე საკმარისად, რომ ცესკომ არ გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო და დღეს არის აბსოლუტურად ნდობადაკარგული და ცესკოს ამ ქმედებებს პოლიტიკურ კრიზისში ჰყავს შეყვანილი ქვეყანაც”. – აღნიშნა მან.

ჩუგოშვილის თქმით, ზუსტად რა პროცენტია პრობლემური, არ იციან და ერთადერთი ციფრი არის PVT, პარალელური დათვლის მიგნებები – “ოქმების 8% არის პრობლემური, ხმებში ეს არის 4% და შესაბამისად ვერ ვიტყვით ზუსტად ეს შედეგობრივად როგორ დაჯდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრობლემის მასშტაბს ვხედავთ აი ამ მონაცემიდან. სხვა მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს”.

თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში და რა არის სწორი, მით უმეტეს, მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონზე ის ამბობს, რომ ყველას პასუხისმგებლობა, პირველ რიგში ხელისუფლების, შემდეგ ცესკოში და შემდეგ დანარჩენის არის ის, რომ ეს ხმები შედეგებში ზუსტად აისახოს.

“პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის ზუსტად დათვლილი, ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, სადაც არის პრობლემური უბნები, ის უბნები უნდა გაიხსნას და გადაითვალოს, ბიულეტენები უნდა დაითვალოს თავიდან, სადაც არის განცდა ან ნიშანი, რომ მოხდა მაგალითად ჩაყრა, ანუ მეტობით არის შედგენილი, ეს ჩანს ოქმებში ეს ყველაფერი ჩანს, თუ ასეთი პრობლემა იყო ოქმში ეს ჩანს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბალანსი აღდგება მეტობით და არა ნაკლებობით. ეს ნიშნავს, რომ ჩაიყარა იმ შემთხვევაში. ასეთ უბნებზე რიგ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ამითი არჩევნების შედეგები, ის პროცენტები რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, სავარაუდოდ, შეიცვლება და სხვა ციფრებს მივიღებთ ჩვენ როგორც პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობაში, ასევე მანდატების ოდენობაში,” – თქვა ჩუგოშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ თუ ცესკო ამას არ გააკეთებს, თუ სადაო უბნებს ან არ გახსნის ან ხელახლა არ ჩაატარებს იქ, სადაც ამის საფუძველი არსებობს, მაშინ ოპოზიციის მოთხოვნა იქნება უკვე ლეგიტიმური. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პირველ რიგში პასუხიმგებლობა არის ცესკოზე.

ჩუგუშვილი გაყალბებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობაზეც ალაპარაკდა.

“დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ, მაგალითად, დადო ოქმები, სადაც ეჭვია იმის, რომ არის გაყალბებული ხელმოწერები, ანუ შესწორების ოქმები. იმ პირების მიმართ ვინც ეს გააკეთეს, თუ ეს დადასტურდა, უნდა დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ ცესკო-ს წევრებმა, რომ ასეთ რამეს თუ გააკეთებენ თავს ამოყოფენ ციხეში. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა მოხდეს, რომ დასრულდეს ასეთი რამ,” – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, არ შევიდნენ პარლამენტში თამარ ჩუგშვილს მიაჩნია, რომ სანამ ამას იტყოდნენ, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ზუსტად დათვლილიყო.

“პირველ რიგში ეს უნდა იყოს მოთხოვნა და მე მგონია, რომ ამის საშუალება არსებობს იმიტომ, რომ ჩანს პრობლემები სად იყო, მტკიცებულებები ამის არსებობს. პირველ რიგში ყველაფერი იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ ის შედეგები რომელიც 31 ოქტომბერს რეალური შედეგები რაც გვაქვს და ბიულეტენების სახით რაც არსებობს და შენახულია, დალუქულია და არის, პირველ რიგში ის ყველაფერი დაითვალოს სწორად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დანარჩენზე საუბარი. მანამდე პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა მე არ მიმაჩნია სწორი, ეს არის გავლილი გზა, რომელიც საქართველომ გაიარა, კარგად არ დასრულდა, ის პარლამენტი, სადაც ეს მოხდა თან უფრო მცირე მასშტაბით იყო, ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი [იყო]…პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება იქნებოდა ის, რომ 31 ოქტომბრის მიცემული ყველა ხმა დაითვალოს ზუსტად ამისთვის გაკეთდეს ყველაფერი და თუ ამაზე ცესკო იტყვის უარს, თუ ამაზე ხელისუფლება იტყვის უარს, მერე უკვე გამოყენება იმ რადიკალური ზომების რომელსაც ჩვენ ვხედავთ,” – დასძინა ჩუგოშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share