გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ ზარალის კომპენსაციით მოთხოვნით, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ – ამის შესახებ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, ჯაბა ჩაჩანიძე აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, ხვალ, 24 ივნისს, სამშობლოში დაბრუნდება.
„10-მა ადამიანმა მივიღეთ გაწყვეტილება, ხვალ უკან დავბრუნდეთ. ხვალ არის ფრენა. არავითარი სანქცია არ დამეკისრება, რადგან კონტრაქტი თვითონ დამსაქმებელმა დამირღვია. ჩვენ იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ ქართული მხარის, ანუ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი უკვე წამოსულია, 5 დღით ადრე წამოვიდნენ და კარანტინში არიან. სავარაუდოდ, ჩვენც ასე გაგვიშვებენ და დაახლოებით 8-10 დღის შემდეგ ვაპირებთ ერთად შევიკრიბოთ და ერთობლივი ძალებით ერთობლივი სარჩელი შევიტანოთ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ჩაჩანიძემ.
მისი თქმით, დასაქმების პროგრამა სიცრუა.
„მინდა გავაჟღერო, რომ ეს დასაქმების პროგრამა სიცრუეა, ყველაფერი ფარსზეა აგებული, აბსოლუტურად ყველა ხარჯი ჩვენ გავიღეთ. გერმანიაში რომ წამოვსულიყავი 800 ევრო ვისესხე, უკან რომ დავრუნდე, ამისთვის კიდევ 300 ევრო ვისესხე. 5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან. უბრალოოდ გაუსაძლისია ჩემთვის, სულ ნულზე დავრჩი. მირჩევნია, ისევ საქართველოში ჩამოვიდე, ვიდრე ამათ ვემონო. ზარალის კომპენსაციას აუცილებად მოვითხოვთ“, -აცხადებს ჩაჩანიძე.
მისი განმარტებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების ბედით არც დაინტერესებულა.
„საქართველოს საელჩოს არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია. 10 დღე ისე გავიდა, საელჩოდან ერთი ზარი არ შემოსულა. როცა დავრეკე, უი, პრობლემა არ მოგვიგვარდათო? გვეგონა, რომ მოგვარებული იყოო. ხომ შეიძლება ელემენტარულად დარეკო და მოიკითხო, საქართველოს მოქალაქეები ვართ. ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ, სამართლებრივად ვიბრძოლებთ“.“-აცხადებს ჩაჩანიძე.