როგორც დღეს “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერები მომხდარს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და “ოცნების” გადაწყვეტილებას აფასებენ:
მიხეილ გოგოტიშვილი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი,
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი – ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მარტივი, პრიმიტიული შემთხვევა, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება. მათ სურთ, რომ სამსახურები სანდო, საიმედო და განსაკუთრებით სუსთან დაახლოვებული კადრებით დააკომპლექტონ. ეს ეხება როგორც გუბერნიებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს. რომ ადგილობრივ არჩევნებზე მათ მიიღონ სასურველი შედეგები. ამის გამო გამოყავთ მათ მათთვის ძალიან სანდო კადრები. გარდა ადმინისტრაციულ რესურსზე დაყრდნობისა, სხვა შანსი არ გააჩნია „ქართულ ოცნება“-ს, რომ დარჩეს ადგილობრივ ხელისუფლებაში. უნდათ, რომ გააძლიერონ ადმინისტრაციული რესურსი და გააკეთონ მათი მაქსიმალური მობილიზება.
დავით მჟავანაძე, საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი- გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი დაიბარეს და მას გამოუცხადეს, რომ ის აღარ არის გუბერნატორი. გადააყენეს. მას დანიშვნის დღიდან არ ენდობოდნენ, რადგან მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პრაქტიკულად გახარია გადადგა და ის ამის შემდეგ აქ ღებულობდა გახარიას კადრებს. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა რაიონებში და მუნიციპალიტეტებში მოხდა გახარიას კადრების განთავისუფლება, მაგრამ ოზურგეთში რატომღაც არჩევნებამდე შემოინახეს ეს ამბავი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეძებდნენ ადამინას, ვისაც ჩაანაცვლებდნენ და დაავალებდნენ არჩევნების მოგებას გურიაში. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ისევ ადმინისტრაციულ რესურსებზე დაყრდნობით არჩევნების ჩატარებას. რა თქმა უნდა მოძებნიან ადამიანს, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება გააკეთოს და ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა მიუღებელი იყო მათთვის გახარიას კადრი. ეს არის და ეს მიზეზი, რისთვისაც დაიბარეს ის თბილისში.
ცნობისთვის: გიორგი სახოკიამ გურიის გუბერნატორის პოსტზე ზურაბ ნასარაია შეცვალა. ის ადგილზე მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარადგინა.
გიორგი სახოკია პრემიერის, გიორგი გახარიას აპარატის უფროსი იყო. მანამდე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.