გაერო: საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება

საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება. ამასთან, ტურიზმის შემცირების სტაგნაცია დასავლეთის ზოგიერთ ბაზარზე, მთლიანობაში, 2.4 ტრილიონ დოლარამდე ზარალს მიაღწევს – ამის შესახებ „როიტერსი“ გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციას საერთაშორისო ტურისტების მიმართ ნდობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი აქვს, რაც მრავალი ქვეყნის და, განსაკუთრებით, კუნძულების ერთადერთი „მარჩენალია“.

UNCTAD-ის და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელმა 73%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით, რამაც გლობალურად ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სექტორების $2.4 ტრილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.

მოხსენებაში, ასევე, მოცემულია რამდენიმე სცენარი, რაც შესაძლოა, 2021 წელს მოხდეს. ერთერთი ვერსიით, წელს საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებლის კლება 75-დან 63%-მდე ივარაუდება, რის შედეგადაც სექტორის ზარალი $1.7-დან $2.4 ტრილიონამდეა მოსალოდნელი.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share