1-ლი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. მათ შორის, იცვლება ელექტორენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, იზრდება რიგი მოხელეების ხელფასები, სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და ა.შ.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება შეეკრიბა, რაც დღეიდან ამოქმედდა საქართველოში.
ელექტრომიმწოდებელი კომპანიები იცვლება
თბილისსა და რეგიონებში 1-ლი ივლისიდან ელექტრომიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება.
Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში ბრუნდება
1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება. ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.
გაზის ტარიფი გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების აბონენტებს გაეზარდათ
„თბილისი ენერჯის“ აბონენტების შემდეგ, გაზის ტარიფი გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების აბონენტებსაც გაეზარდათ. საუბარია, შპს „გასკო+-ზე“, შპს „ვარკეთილაირზე“ და სს „ენერგოკავშირზე“. შედეგად ტარიფი გაიზრდება ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანში. კორექტირებული ტარიფები ძალაში 1-ლი ივლისიდან შედის და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება ორმაგდება
1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება. ამასთან, პრემიერის განცხადებით, იზრდება მოცვა – 100 000 ქულის ნაცვლად 120 000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.
იუსტიციის სახლების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ
იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ.
1-ლი ივლისიდან 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში გაიშვება
1-ლი ივლისიდან სებ-ი 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვებას იწყებს. აღნიშნული ბანკნოტები, მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით “2021”, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა.
ფქვილის სუბსიდირების პროგრამა სრულდება
1-ლი ივლისს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა სრულდება. შედეგად, შესაძლოა, ხარისხიანი სტანდარტებით გამომცხვარი პურის რიგი სახეობები 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდეს. თუმცა, როგორც პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, ამას 1-ლი ივლისიდან დააკვირდებიან. მათივე ცნობით, პროდუქცია იმ შემთხვევაში არ გაძვირდება, თუ წისქვილკომბინატები მწარმოებლებს ერთ ტომარა ფქვილს 50 ლარად მიაწვდიან.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მანქანა-დანადგარის და სათამაშოების განთავსება ბაზარზე იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე იკრძალება
1-ლი ივლისიდან, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მანქანა-დანადგარისა და სათამაშოების საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება.
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
1-ლი ივლისიდან ქვეყანაში მოიხსნა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც. შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შეგახსენებთ, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბრიდან დაწესდა ქვეყანაში. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იყო აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში მოქმედებდა, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ლი იანვრის 05:00 საათამდე აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა. 16 იანვრიდან კი 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს აიკრძალა. 17 მაისიდან კომენდანტის საათი 21:00 სთ-ის ნაცვლად 23:00 სთ-იდან 05:00 სთ-მდე მოქმედებდა. ხოლო 1-ლი ივნისიდან 23:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე პერიოდში.