“ოთხი თვეა კანალიზაციის წყალი ეზოში ჩამომდის, ფანჯარა ვერ გამიღია და კარი. სუნს რომ თავი დავანებოთ, გაივსო ეზო ქვეწარმავლებით. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს” – აცხადებს “გურიის მოამბესთან” ოზურგეთში, ჟორჟოლიანის ქუჩაზე მცხოვრები რუსუდან გოგიბერიძე და დახმარებას გვთხოვს:” იქნებ თქვენ გვიშველოთ. შევწუხდით, აუტანელია ეს მდგომარეობა”-გვითხრა ქალბატონმა.
როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დახმარებისა და პრობლემის მოგვარებისთვის, ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიას არა ერთხელ მიმართეს, თუმცა გარდა დაპირებისა, რომ მალე გააკეთებენ, ოთხი თვეა ჯერ არაფერი შეცვლილა: “ჯერ ჩემმა შვილმა დარეკა და დაპირდნენ გავაკეთებთო. მერე მე დავრეკე 112-ზე და პოლიციას გამოვუშვებთო.. პოლიცია რად მინდა, დასაჭერი კი არ მყავს ვინმე?! რამდენიმე დღის წინ მე პირადად ჩავედი და ვესაუბრე წყალკანალის დირექტორს. კარგად კი მიმიღო და მელაპარაკა, მარა ტყუილად ლაპარაკი რას მშველის? ერთხელ ყოფილან მოსულები, ეზოში კომშის ხე მაქვს, მოუტეხიათ იმაზე ტოტი და დაუსვიათ ჭასთან. მონიშნეს ალბათ ადგილი, აბა სარები სადაც საჭიროა, დასმული მაქვს უკვე. გაივსო ეზო ზლოკვებით და ნაირ ნაირი ქვეწარმავლებით. ბავშვს ეზოში ვერ ვუშვებ. ასეთ დღეში მარტო მე კი არ ვარ, მეზობლებიც ასე არიან.
ყოფილა რაღაც მანქანა დიდი შლანგი ჰქონია, რითიც იწმინდება ეს ჭა. წასულა თბილისში და სამი თვეა არ დაბრუნებულა.
რამდენ ხანს ვუცადოთ?
მასე ბაბუაჩემიც წავიდა ომში და ელოდებოდა ბებიაჩემი, მარა არ დაბრუნებულა უკან”–გვითხრა რუსუდანმა.
“გურიის მოამბე” აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე საკანალიზაციო ჭის გაწმენდითი სამუშაოები ორშაბათს დაიწყება: “მეზობელი რეგიონიდან ველოდებით სპეცტექნიკას, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ჭის გაწმენდა და ორშაბათს უკვე დაიწყება სამუშაოები” – გვითხრეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.