ინფორმაციას BBC-ი კიბერ უსაფრთხოების კომპანია Huntress Labs-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაკერებმა შეტევა IT კომპანია Kaseya-ის საშუალებით იმ კორპორატიულ ქსელზე განახორციელეს, რომელიც მის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. Kaseya-ს განმარტებით, თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი პროგრამა დაზიანდა, რომელიც აკონტროლებს კორპორატიულ სერვერებს, პერსონალურ კომპიუტერებსა და ქსელურ მოწყობილობებს.
კომპანიის განცხადებით, იგი მოუწოდებს მომხმარებლებს, ვინც მის VSA პროგრამას იყენებს, თავიანთი სერვერები დახურონ. Huntress Labs-ში ფიქრობენ, რომ თავდასხმის უკან რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება Revil-ი დგას.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჟენევაში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს იმ 16 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სექტორის ჩამონათვალი მიაწოდა, რომელიც კიბერთავდასხმის ობიექტი არ უნდა გახდეს. ჯო ბაიდენის თქმით, რუს კოლეგას განუმარტა, რომ მსგავსი კიბერშეტევების აღკვეთაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.