საპროტესტო აქცია ურეკში დღეს კიდევ გაიმართა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ახლობლები პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და საქმის ობიექტურ გამოძიებასა და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებულები უდანაშაულოები არიან და ისინი სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.
“დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები”, “ისევ ყველა ციხეში”, “თავისუფლება 13 ახალგაზრდას” – აღნიშნული ტრანსპარანტებით ათეულობით ადამიანი ურეკის ცენტრში შეიკრიბა. ისინი შსს მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ:
“ვითხოვთ სამართლიანობას. ვითხოვთ, რომ გადაკვალიფიცირდეს მუხლი. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ ამ 13-ვე ბიჭს 7-დან, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნოდეს. ვითხოვთ, თავიდან შეიქმნას საგამოძიებო კომისია და გამოიკვლიონ ეს საქმე სამართლიანად”.
“მოვითხოვთ გამოძიებას. რაც ახლა მიმდინარეობს, ამ გამოძიებას არ ვენდობით. მინისტრისგან ვითხოვთ, გამოყონ სპეციალური ჯგუფი და შეისწავლონ ეს საქმე. მიდის ტოტალური ზეწოლა არსებულ მოწმეებზე”.
“სახალხო დამცველს ვთხოვთ დაგვეხმაროს, ჩვენც ხომ მათი სახელმწიფოს წევრები ვართ? პოლიციის მხრიდან იყო გადაცდომები და ესეც გამოიძიონ”.
“ჩვენ არ ვართ იმაში დარწმუნებულები, რომ ისინი დამნაშავეები არიან. დაგვარწმუნონ ამაში.”
აქციის მონაწილეები ახლა სააპელაციო სასამართლოს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვლება და დაკავებულები გირაოთი განთავისუფლდებიან.