ვისთვის არის გრიპის ვაქცინა უფასო და ვისთვის ფასიანი? – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის გრიპის აცრა სულ 31 163-მმა ადამიანმა ჩაიტარა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აცრილია შაქრიანი დიაბეტის მქონე 4000 ადამიანი, დიალიზზე მყოფი 2400 ადამიანი, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი – 1000-მდე ადამიანი. სამედიცინო პერსონალი -10 000, მცირე საოჯახო ოჯახების ბავშვები 700-მდე და ა.შ.

მისივე თქმით, აცრები უფრო ინტენსიურად მიდის, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა მეტი აქტიურობა რისკ-ჯგუფების მხრიდან.

„მოვუწოდებ კიდევ ერთხელ რისკ-ჯგუფებს, რომ აიცრან აუცილებლად, რადგან ეს მათ დააზღვევთ შემდგომ უკვე, ნოემბრის ბოლოს-დეკემბერ-იანვარში ორი ინფექციის ზედდებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორში უკვე შემოსულია იგივე წარმოების, ფრანგული ვაქცინები და სხვა არა რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებსაც უკვე შეუძლიათ, რომ აცრები ჩაიტარონ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აცრაში ფულის აღება დანაშაულია.

როგორც ის ამბობს, ეს განცხადება ეხება, მხოლოდ, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინით ჩატარებულ აცრებს და იმ ადამიანებს, ვინც რისკ-ჯგუფში არიან. მათთვის აცრა ნამდვილად უფასოა, ხოლო კერძო კლინიკებში აცრის გაკეთება ფასიანია და ამაში დანაშაული არაფერია.

„სახელმწიფო ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს, ადამიანებისთვის სრულიად უფასო უნდა იყოს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share