“ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა”

დღეს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პროცესის მიმდინარეობას N32 საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნო.

„დაიწყო უცხოურ ენებში გამოცდა, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად დღეს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

უწყების ცნობით, ნაშრომების გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

„გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს გაეგზავნება.

წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. გამოცდაზე გამოყენებული ტესტები კონკრეტულ საგანში ყველა სესიის, მათ შორის, დამატებითი სესიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველადი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დასრულებისთანავე შეიტყობენ“,-აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share