“თუ მივიღებთ კანონს ოჯახის შექმნა შეიძლებოდეს, არა 18 წლიდან, არამედ 17 წლიდან” – ინჯიას კითხვა მოსამართლეობის კანდიდატს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი მოსამართლეების კანდიდატებს უსმენენ. ამ წუთებში პარლამენტში კითხვებს ეკა ზარნაძე პასუხობს. “ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ მას ჰკითხა, დემოგრაფიული მდგომარეობიდან, გამომდინარე, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ქორწინება 18 წლის ნაცვლად, 17 წლის ასაკში იყოს დაშვებული:

“ერთი ასეთი კითხვა მაქვს, მიგაჩნიათ თუ არა სწორად, თუ მივიღებთ კანონს ოჯახის შექმნა შეიძლებოდეს, არა 18 წლიდან, არამედ 17 წლიდან, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ გოგო-ბიჭებმა ოჯახი 17 წლის ასაკიდან შექმნან”,- ჰკითხა ფრიდონ ინჯიამ.

ეკა ზარნაძემ კი თქვა, რომ მისი აზრით, ქორწინება 18 წლის ასაკიდან უნდა იყოს დაშვებული, ვინაიდან სრულწლოვნების ასაკში პირი გადაწყვეტილებების მისაღებად უფრო მომწიფებულია:

“მე ამ პოზიციას ვიზიარებ, რომ ადამიანი როცა არის სრულწლოვანი, ითვლება, რომ იმ პერიოდში იგი არის მომწიფებული იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება თავისი ცხოვრებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მისი ცხოვრების ნაწილია ეს ქორწინებაც და სწორედ ამიტომ იქნა გათვალისწინებული, რომ პირმა შეძლოს გონივრული გადაწყვეტილების მიღება”,- უპასუხა ეკა ზარნაძემ.

დღეს, 7 ივლისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი მოსამართლეების ორ კანდიდატს, ეკა ზარნაძესა და ლევან თევზაძეს მოუსმენენ. არაერთი საერთაშორისო პარტნირის, საელჩოების, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად “ოცნება” მოსამართლეებში დანიშვნის პროცესს არ აჩერებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share