სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი სოფიკო მეგრელიძე წერს, რომ პირველ სამედიცინო ცენტრში მორგი და კოვიდმისაღები ერთსა და იმავე სივრცეშია განთავსებული.
სოფიკო მეგრელიძის მტკიცებით, იქ, სადაც პაციენტებს ანალიზებს უკეთებენ, პარალელურად, მათ დასანახად მედპერსონალი მიცვალებულებს კუბოებში ასვენებს.
“დღეს დავბრუნდი კოვიდ გადასახლებიდან და გადავწყვიტე, დამეწერა ეს ამბავი. ამ ფოტოებზე პირველი სამედიცინო ცენტრის კოვიდმისაღებია, პირველი სამედიცინო ცენტრი, სადაც კოვიდსასტუმროდან წაგვიყვანეს პაციენტები ანალიზების ასაღებად. მაგრამ ეს პოსტი ანტისანიტარიაზე არაა. პაციენტები რიგში დაგვაყენეს როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და კუბო მოაყუდა კარებზე. ძალიან დავიბენი, მისაღებში კედელს ავეკარი და ჩემ წინ მდგომ საწოლს დავაკვირდი და უცებ მივხვდი, რომ საწოლზე გარდაცვლილი ადამიანი იყო. ექიმებმა ჩვენ თვალწინ გარდაცვლილის კუბოში ჩაწვენა დაიწყეს. ამის პარალელურად, ექიმები ჩვენს რეგისტრაციას განაგრძობდნენ. მე გამოვვარდი ტირილით, არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი, როდესაც მიმღების კარებს მერე მეორე კუბო მოაყუდეს. როგორც მერე მივხვდი, მორგი და კოვიდ მისაღები ერთი და იგივე იყო. ანუ, ჩვენ ანალიზებს გვიკეთებდნენ და პარალელურად, ჩვენს დასანახად მიცვალებულებს კუბოებში ასვენებდნენ. არანაირი ანალიზი არ გამიკეთებია, რა თქმა უნდა, გამოვვარდი და ავტობუსში ჩავჯექი რომ უკან წავეყვანე, კოვიდსასტუმროში. როდესაც სხვა ინფიცირებულები დაბრუნდნენ ავტობუსში, მითხრეს, რომ კიდევ ორი გარდაცვლილი გადაასვენეს მათ თვალწინ. ვერაფრით გამოვიდივარ ამ სტრესიდან და ვერ ვიშორებ ამ სურათს თავიდან, სულ ეს მიდგას თვალწინ და უფრო და უფრო ვბრაზდები, ასე როგორ უნდა გაწირო ავადმყოფი, რომ ამას აყურებინო?!” – წერს “ფეისბუქზე” სოფიკო მეგრელიძე.
ის სოციალურ ქსელში ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს ანტისანიტარია და შენობას “კოვიდმიმღები” აწერია.