საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 1 884.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 4 325.0 მლნ. აშშ დოლარს (18.9 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივნისში, 2 440.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3 პროცენტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ჩინეთი (289.9 მლნ. აშშ დოლარი),
- რუსეთი (263.7 მლნ. აშშ დოლარი)
- აზერბაიჯანი (244.4 მლნ. აშშ დოლარი).
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
- თურქეთი (779.6 მლნ. აშშ დოლარი),
- რუსეთი (466.1 მლნ. აშშ დოლარი)
- ჩინეთი (362.8 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი (944.1 მლნ. აშშ დოლარი),
- რუსეთი (729.8 მლნ. აშშ დოლარი)
- ჩინეთი (652.6 მლნ. აშშ დოლარი).
მათივე მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 205.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).