ოზურგეთში, “კრედო” ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის მაწანწალა ძაღლებმა ჯოხით მოსიარულე მოხუცი მამაკაცი დაკბინეს.
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” თვითმხილველმა უთხრა.
მისი თქმით, მამაკაცი, რომელიც ხელჯოხით გადაადგილდებოდა, რამდენიმე ძაღლმა დაკბინა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა დარჩა საჭირო.
“ფეხები ჰქონდა დაკბენილი. გამვლელმა მანქანამ გადაიყვანა საავადმყოფოში, თორემ სასწრაფოს გამოძახებას ვაპირებდი. ცუდად გახდა კაცი”-გვითხრა ქალბატონმა, რომელიც დილის საათებში მომხდარს შეესწრო.
ცნობისთვის, ეს ბოლო დღეებში ოზურგეთში მომხდარი მეორე შემთხვევაა.
რამდენიმე დღის წინ ქუჩის ძაღლებმა შუახნის ქალბატონი მაშინ დაკბინეს, როცა ის ერთერთი მარკეტიდან სახლში ნაყიდი პურით ბრუნდებოდა.
რაც შეეხება ზოგადად მაწანწალა ძაღლების პრობლემას, უკვე წლებია ოზურგეთელები ამ საკითხის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, ვისაც ბიუჯეტიდან ფული სწორედ იმის გამო ერიცხებათ, რომ ოთხფეხა ცხოველებისგან მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, პრობლემის მოგვარებაზე მუშაობისთვის ჯერ ვერ მიიცალეს.
ფეხით მოსიარულეები კი იძულებულები არიან, თავი საკუთარი ძალებით დაიცვან.