პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც ქართულმა ოცნებამ მისცა მაგალითი სხვა საპარლამენტო სუბიექტებს, რომ შეთანხმების დოკუმენტისთვის მოეწერათ ხელი, ამ შეთანხმების მთავარი მიზანი პოლარიზაციის დასრულებასთან ერთად იყო ის, რომ პოლიტიკური სუბიექტები ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში.
„ამიტომ, ცარიელ სკამებს, რომელსაც ახლა ჩვენ დარბაზში ვხედავთ, ჰქვია თავისი სახელი – ეს არის უპასუხისმგებლობა და სინამდვილეში ამ ცარიელი სკამების უკან დგანან შეშინებული და გაქცეული ადამიანები, რომელთაც არა აქვთ არც არგუმენტები და არც სათქმელი, პირველ რიგში იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც ისინი ასე უტიფრად ატყუებდნენ ამ თვეების განმავლობაში.”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას. მისი შეფასებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში იყო, ძალიან შრომატევადი სამუშაო გაწია.