ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა

ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი მოიპოვა, სპორტული კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ ლიპარტელიანმა Facebook-ის ოფიალურ გვერდზე დაწერა.

“მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე: იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა – ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება 🙁 მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და, ალბათ, დიდხანს გამყვება ცხოვრებაში, უბრალოდ, შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას.

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას,”-წერს ლიპარტელიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share