„ეს არის საბოტაჟის მოსურნე ჯგუფი, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. მათთვის მიშელის დოკუმენტი რაღაც ფურცელია, რომელსაც, როცა სჭირდებათ, მაშინ აფრიალებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას გააკეთა.
მისვე თქმით, მიშელის დოკუმენტის მიერ გათვალსწინებული ნებისმიერ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„მაგრამ აშკარად ვატყობთ, რომ ჩვენი ოპონენტები არანაირად არ არიან მოწოდებულნი სტაბილურობის რაღაც გარემო მაინც შექმნან. თუნდაც იმ საკითხებზე მოვილაპარაკოთ, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსი, რომლის განხილვასაც არათუ უგანეს, არც დაესწრნენ და საბოტაჟის რეჟიმში არიან ისევ. მიშელის დოკუმენტი, საერთოდ იგნორირებული დოკუმენტი რატომ მოაგონდათ ახლა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც ამ დოკუმენტშია საუბარი, მუშაობა მიმდინარეობს. არის თემები, რომლებსაც კიდევ გაგრძელდება და პარტიებს შორის კონსულტაციები სჭირდება. უბრალოდ, პარტიას ვერ ვხედავ მეორე მხარეს, ეს არის საბოტაჟის მოსურნე ჯგუფი, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. მათთვის მიშელის დოკუმენტი რაღაც ფურცელია, რომელსაც, როცა სჭირდებათ, მაშინ აფრიალებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ენმ თუ ხელს მაოწერს მიშელის დოკუმენტს უბრალოდ ეს დაადასტურებს, რომ მათ სურთ ამ თემის გამოყენება დესტაბილიზაციისთვის.
„იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის. ეს არაფერი არ არის, ცარიელი ფურცელია და მანიპულაციის საშუალება. ხან ხელს აწერენ, ხან ხელს არ აწერენ. მაგრამ მთავარი საკითხებია, მაგალითად საარჩევნო კოდექსი და სასამართლო რეფორმა, არათუ მონაწილეობას არ იღებდნენ არასდროს ამ თემაში, ან თემის გამოყენება დესტაბილიზაციისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხელმოწერით ან ხელის მოწერის გარეშე არ იცვლება არსი პოლიტიკური ძალის. ესენი არიან დესტრუქციული, დესტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული ადამიანები კონკრეტული მიზნით“, – განაცხადა ვოლსკიმ.