საგანგაშო მაჩვენებლების გამო, მედიკოსებმა საკოორდინაციო საბჭოს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვისა და რესტორნებში მხოლოდ აცრილების, ან წინასწარი ტესტირებით დაშვების რეკომენდაციით მიმართეს.
დაკმაყოფილდება თუ არა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ეს უახლოესი დღეების მონაცემებზეა დამოკიდებული.
ამჟამად კლინიკებში 6 ათასზე მეტი კოვიდპაციენტი მკურნალობს, ჯანდაცვის სისტემის მაქსიმუმი კი 8 ათასი საწოლია. პარალელურად, ინტენსიურად გრძელდება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი. დღეიდან Pfizer-ით აცრა პოლიკლინიკებშიც შესაძლებელია.
“აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არის გავრცელებული ახალი ინდური შტამი, რომელიც, რეალურად, ძალიან მალე ჩაანაცვლებს ყველა არსებულ შტამს. ერთადერთი გამოსავალი, რომ შევძლოთ ეს დრო სწორად გამოვიყენოთ და შემოდგომის სეზონზე არ მივიღოთ კიდევ უფრო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები. აუცილებელია მობილობის შემცირება და თავშეყრის ადგილებზე თავის არიდება,“ – აცხადებს ”ჯო ენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია კაშია.
რეგულაციების დაცვის და გატარების აუცილებლობაზე საუბრობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა. მისი თქმით, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია ე.წ. დელტა შტამის გავრცელება, ტურისტების, ან სხვა მიზნით ადამიანების შემოსვლა უნდა გაკონტროლდეს.