ძალა ერთობაშიას ბლოკის წევრი, თამარ კორძაია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას რადიკალურად განსხვავებულ შეფასებად არ აღიქვამს. მისივე თქმით, ეს არის ვაშაძის პერსონალური განცხადება, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
“გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა ქართულ ოცნებას, რომ იქნებ გონს მოვიდნენ და გადმოდგან ნაბიჯები. გრიგოლ ვაშაძემ საბოლოოდ გააშიშვლა ქართული ოცნება, რადგან ამ განცხადების მერეც ისინი იმავეს ამტკიცებენ და ცდილობენ ოპოზიციაში განხეთქილების დათესვას”, — აღნიშნა კორძაიამ.
დღეს, 10 ნოემბერს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. განცხადების ნამდვილობა On.ge-სთან პრესსამსახურმა დაადასტურა.
ოპოზიციაში აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვაშაძის სიტყვები გაუგებარია. ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაშაძის განცხადება პარტიასთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არაა.
ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.