SOS – “გადაუდებლად დაიწყოს სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია” – კლინიკების ასოციაციის 10 რეკომენდაცია მთავრობას

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

1) ჩაიკეტოს სახმელეთო საზღვრები ვიზიტორთათვის;

2) აეროპორტებში გამკაცრდეს და შეიზღუდოს ვიზიტორთა შემოსვლა;

3) ყალბი კოვიდპასპორტების კონტროლის მიზნით თითოეულ ვიზიტორს ლაბორატორიული კვლევებით განესაზღვროს ორგანიზმში მოცირკულირე ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი;

4) პანდემიის მართვაში დაუყოვნებლივ ჩაერთოს თავდაცვის სამინისტრო;

5) გადაუდებლად დაიწყოს დიდი კლინიკების მიმდებარედ სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია;

6) გადაუდებლად შეიქმნას 3 კაციანი სამოქალაქო რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, მეტროში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე;

7) გადაუდებლად დაიწყოს აცრები სოფლად, მობილური ჯგუფების მიერ, თანმიმდევრობით, ზონალური დაყოფის შესაბამისად, სპეციალურად გამოყოფილი რეანიმობილის დახმარებით.

8) მიმღებ განყოფილებებში განხორციელდეს ტრიაჟი:

– მძიმე პაციენტები მოთავსდნენ სტაციონარულ პირობებში;

– საშუალო სიმძიმის პაციენტები გადაყვანილიქნან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში;

– მსუბუქი მიმდინარეობის, მაგრამ საყურადღებო პაციენტები გადაყვანილ იქნან კოვიდსასტუმროებში.

9) სამხედრო საველო ჰოსპიტლების ბაზაზე სამოქალაქო სამედიცინო სექტორის მედპერსონალს დაეხმაროს სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სანიტრები და სანინსტრუქტორები;

10) სამხედრო საველე ჰოსპიტლების მართვის საკითხებში ჩართვა ეთხოვოს აღნიშნულ საკითხებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკს ლაშა ქოიავას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share