“ქართული ოცნება” შარლ მიშელს დიპლომატიურ, მაგრამ ხისტ უარს ეუბნება

ღია დაპირისპირება ევროკავშირთან. “ქართული ოცნება” შარლ მიშელს დიპლომატიურ, მაგრამ ხისტ უარს ეუბნება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღეს აკეთებს ერთ მკაფიო და თითქოს უწყინარ განცხადებას, მაგრამ ირაკლი კობახიძის სიტყვები ერთი ხელის მოსმით ანადგურებს ევროკავშირთან პარტნიორობას. “ოცნების” ოდიოზური ლიდერი ამბობს: “ფინანსური დახმარების მიღებას აზრი აღარ აქვს” – და ეს განცხადება აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ფინანსებთან.

ამ უარით ირაკლი კობახიძე პირდაპირ შარლ მიშელს მიმართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სულ რაღაც ერთი კვირის წინ კატეგორიულად მოსთხოვა ირაკლი ღარიბაშვილს რეფორმების გაგრძელება და ოპოზიციასთან შეთანხმების შესრულება – წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა.

“ქართული ოცნების” განაცხადი, რომ დახმარება არ გვჭირდება ნიშნავს მხოლოდ ერთს – ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე და ღიად უპირისპირდება ევროკავშირს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შაბათს, ევროკავშირის ოფისში გაიმართა შეხვედრა, სადაც “ქართული ოცნების” წევრები ევროკავშირის ელჩის მრჩეველს შეხვდნენ, რომელსაც უთხრეს, რომ ქვეყანას ფინანსური დახმარება არ სჭირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share