ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია რეკლამებს იმისთვის არ იყენებს, რომ შემდეგ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ისაუბროს. მისი თქმით, მათ არა აქვთ სარეკლამო ბილბორდები და არ იყენებენ ფასიან საეთერო დროს. ამაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს რაიმე, თუნდაც, პროგრამის მსგავსიც კი. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ არაფერს, გარდა დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიისა. მეტიც, ისინი არ იყენებენ გარე სარეკლამო, რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ.
ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს თავისი საარჩევნო რგოლების გასაშვებად, იყენებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყოს შექმნილი. ეს იმ პირობებში, როცა ბოლო საპარალამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ, მარცხის მიუხედავად, უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ქართულმა ოცნებამ”, — აცხადებს პაპუაშვილი.
მისივე მტკიცებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც “გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ”, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა მანიპულაციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ ყველა სოფელსა და ქალაქში.
“მონაწილეობა არ მიიღეს საოლქო და საუბნო პროფესიული წევრების დაკომპლექტებაში, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, რომ წევრები თითქოს მიკერძოებულები იყვნენ. ყველა ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია შეგუებულია გარდაუვალ მარცხს და არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის ემზადება. დიდი ალბათობით, ჩვენი მოსახლეობა ოპოზიციის მხრიდან უპრეცედენტო დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანიის მოწმე გახდება”, — ამბობს ის.
ამის პარალელურად კი, პაპუაშვილის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ ამ პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა საკუთარი კანდიდატები, შეიმუშავა “რეალისტური საარჩევნო პროგრამა” და აქტიურად მუშაობს, რომ მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, საზოგადოებამდე მიიტანოს გეგმები და მიზნები, რომლებსაც არჩევნების შემდეგ განახორციელებს