კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა

ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე საკეისრო კვეთით ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” დაიბადნენ.

ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ბარათაშვილის თქმით, 15 დღის ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

მდგომარეობას ბავშვების დღენაკლულობაც ართულებს. ექიმის თქმით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი

“28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. შვიდთვიანებიც არ არიან. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან. კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, პარამეტრების შემცირებასაც ვერ ვახერხებთ, დღენაკლულობა ამძიმებს. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება და იმედი გვაქვს, რომ მოერევიან პატარები”, – განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.

ბავშვები 19 აგვისტოს გაჩნდნენ. ახალშობილების დედა მდგომარეობის დამძიმების გამო, ოჯახმა თბილისში გადაიყვანა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსით გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share