“ორივე კოვიდდადებითი დაიბადა, აპარატზე რჩებიან” – გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა

ექიმების თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა. ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე საკეისრო კვეთით ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში” დაიბადნენ.

ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ბარათაშვილის განცხადებით, 15 დღის ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა კრიტიკულია, მდგომარეობას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს.

ექიმის თქმით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი.

„28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. შვიდთვიანებიც არ არიან. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან, განსაკუთრებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნევმონიით. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება და იმედი გვაქვს, რომ მოერევიან პატარები“, – განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share