ოპოზიციამ მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია. მათ მიერ მიღებული ხმები პარალელური დათვლის შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პარალელური დათვლა ჩაატარა არა ცესკომ, არამედ ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება). ISFED-ზე მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობიან. შესაბამისად რატომ არ ენდობიან იმას, რომ ცესკოს მაჩვენებელი და ISFED-ის მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ პარაქტიკულად ერთი და იგივეა თუ არ ჩავთვლით 0,1% სხვაობას“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მე არ გეტყვით, რომ ბედნიერები ვართ 48%-ით, მაგრამ ეს არის ამომრჩევლების მიერ გამოცხადებული ნდობა. ეს მათთვის უცხოა, რადგან თარხნიშვილისთვის, გოგორიშვილისთვის და კიევში მჯდომი უცხოელისთვის ნაცნობ ხელწერაა ის, რაც აკეთეს – „კარუსელები“, 2008 წელს გაჩეჩილაძეს მეორე ტური მოპარეს.
ახლა აქვთ მოდელირებული გაყალბების სცენარი. ვეუბნებით, მოდით, დავითვალოთ, გვეუბნებიან – არ მინდა, დავარდებიან ძირს და გორაობენ, ოქროს თევზი მინდა. ეს ოქროს თევზი არ მისცა ამომრჩეველმა, შესაბამისად, ვერ ჩავიდენთ დანაშაულს და ვერ ვაჩუქებთ ხმებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქუჩის პროტესტის გამოყენებას არავის უშლიან, დღეს დავინახეთ მათი შეთხელებული რიგები, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი. მათ შეუძლიათ, კიდევ უფრო შეთხელებული რიგებით ატარნო აქცია. ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით და ყველა აქციზე, რომელიც არის მშვიდობიანი, დაცული უნდა იყოს დისტანცია, გაიკეთონ პირბადე. ჩემი ვალია, რომ ეს ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს. ყველა პროტესტზე მაღლა დგას მათი სიცოცხლე, მაგრამ ეს მშვიდობიანი პროტესტი შეუძლიათ, განაგრძონ. პოლიტიკური ექსტრემიზმი სხვა რამეა – როდესაც შენ მოდიხარ და ამბობ – მე არაფერზე არ ვთანმხდები, თუ არ ჩაატარებ ახალ არჩევნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ახალი არჩევნები არ არის დღის წესრიგში.
„ქართველი ხალხის ნებაა მრავალპარტიული პარლამენტი და ეს მანდატები მათ გარანტირებულად უდევთ ჯიბეში. მათ არ აქვთ არავითარი წონადი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. იყო ხარვეზები, რომელიც გასწორდა. თუ ეგულებათ სადმე ხარვეზი, დაადონ რომელიმე უბანს ხელი, გადაითვლება. თუ მათ აქვთ რაიმე ტიპის ეჭვი, ვნახოთ ვიდეომასალა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.